საქართველოში აქცია „უკვდავი პოლკის" გამართვა მიუღებლად მიაჩნია ოპოზიციის ნაწილს.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები მოსკოვის მიერ დაფინანსებულ დემონსტრაციებს მიმდინარე ჰიბრიდული ომის გაგრძელებად მიიჩნევენ. გიორგი კანდელაკი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სხვა ქვეყნების მსგავსად ამ ტიპის მსვლელობები საქართველოშიც აიკრძალოს. უმრავლესობაში კი დარწმუნებული არიან, რომ დღეს დაგეგმილი აქციები რუსული ნარატივის გამომხატველი არ იქნება.
"საქართველოში ესეთი ტიპის ორგანიზაციებს არც მხარდაჭერა აქვს და არც მორალური უფლება აქვთ რომ გამოვიდნენ და რაღაც კონკრეტული ქვეყნის, მით უმეტეს ოკუპანტი ქვეყნის პოპულარიზაცია მოახდინონ,"-აცხადებს გია ვოლსკი.
"ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი კი აცხადებს, რომ მსგავსი ორგანიზაციების აქტივობები პოლონეთში, უკრაინაში, ჩეხეთსა და სხვა ბევრ ქვეყანაში აკრძალულია.
"ეს არის ჰიბრიდული ომი, როცა ისტორიის მანიპულირებით ისინი ცდილობენ მიაღწიონ თავიანთ გეოპოლიტიკურ ინტერესებს საქართველოს წინააღმდეგ,"-აცხადებს გიორგი კანდელაკი.