„ქართული ოცნება“ ყრილობისთვის ემზადება. რიგით მეხუთე ყრილობა ხვალ გაიმართება. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ დაგეგმილი ყრილობა პარტიისთვის ახალი „საეტაპო ყრილობა“ იქნება.
საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება და პოლიტსაბჭოში ცვლილება პარტიისთვის ბევრ საკითხს დადებითად შეცვლის.
„ჩვენ პოლიტიკურ პარტიას ძალიან სჭირდება, როგორც სტრუქტურულად, ასევე სხვადასხვა ფორმით გაძლიერება. მიუხედავად იმისა, რომ უკვე წლებია ეს პარტია არსებობს, ვფიქრობ, რომ სტრუქტურულადაც და სხვადასხვა ფორმითაც ბევრი რამ არის შიგნით გასაკეთებელი,“-აცხადებს ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, ყრილობით პარტიის „ახალი სუნთქვა“ გაიხსნება. მისი თქმით, ამ ყრილობაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. გაბუნია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც პარტიის თავმჯდომარე ამ ცვლილებებს განახორციელებს, ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ მეხუთე ყრილობა „პარტიისთვის საეტაპო იქნება.“
„ქართული ოცნების“ ყრილობა მთაწმინდაზე გაიმართება. ყრილობა ორ ნაწილად გაიყოფა. პირველ ნაწილში იქნება ტექნიკური საკითხები, დელეგატებისა არჩევა და პოლიტსაბჭოს დამტკიცება.
მეორე ნაწილში კი იქნება პარტიის თავმჯდომარისა და სხვა ლიდერების განცხადებები. ბიძინა ივანიშვილმა მოქმედი პოლიტსაბჭოს წევრებთან და პარტიის ლიდერებთან კონსულტაციები უკვე გაიარა, როგორც ცნობილია, გუშინ დახურულ კარს მიღმა "ქართული ოცნების" ლიდერები ხვალინდელ ყრილობაზე მსჯელობდნენ.