03 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
ირმა ნადირაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატიის ჟანგბადის” საქმიანობის შესწავლას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი პროკურატურას ახლად დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატიის ჟანგბადის” საქმიანობის შესწავლას სთხოვს. ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, ორგანიზაცია, რომლის შექმნაზეც თავის დროზე ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ილაპარაკა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

დეპუტატის მტკიცებით, ”დემოკრატიის ჟანგბადის” დამფუძნებელი ლევან ჯაში 2013-2014 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, 2013 წლიდან დღემდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის თანაშემწეა, ჯაშს ერთ წელიწადში 67 ათასი ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კომენტარს ამ თემაზე არ აკეთებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ლევან ჯაში შინაგან საქმეთა სამინიტროში აღარ მუშაობს.

თავად ლევან ჯაში აცხადებს, რომ ის ამ დრომდე აგრძელებს მუშაობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობაზე, თუმცა კატეგორიულად უარყოფს მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას.

ლევან ჯაში ბიძინა ივანიშვილთან კავშირსაც უარყოფს, ამბობს, რომ საერთო მხოლოდ განცხადებების შინაარსია, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი, რომელიც ექსპერტების, პოლიტიკოსების და პარტიების საქმიანობას სწავლობს, ყოფილ პრემიერთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

დღის ამბები