04 ოქტომბერი 2024,   21:06
ვრცლად
"ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება სამართლიანია - მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ, ამ არჩევნებთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები საერთოდ არ არსებობდეს" - დავით კაჭარავა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, დავით კაჭარავა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციებს საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციების სტატუსი გაუუქმა.

როგორც დავით კაჭარავა "დღის კურიერში" ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და ის მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.  

"ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება იყო სამართლიანი, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს არა მხოლოდ მათთან დაკავშირებით, არამედ სხვა მდიდარ ენჯეოებთან დაკავშირებით. ჩვენ კარგად გვახსოვს, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როგორ ცდილობდნენ არჩევნების დისკრედიტაციას, როგორ ცდილობდნენ, რომ როგორმე მოეხდინათ ხელისუფლების განცხადებების გადაფარვა და ფაქტობრივად, ისინი პირდაპირ მონაწილეობას იღებდნენ როგორც ოპოზიციური სუბიექტები. ამას საზოგადოება ძალიან თვალნათლივ ხედავს, ჩვენ კარგად გვახსოვს ის ფაქტი, როცა ისინი სცენაზე იყვნენ ასულები და პირდაპირ მოითხოვდნენ ტექნიკურ მთავრობას და ამ მთავრობის მონაწილეები თვითონ უნდა ყოფილიყვნენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ აქ კითხვები არ არსებობს, ფაქტი უამრავია, ბოლო წლების განმავლობაში დაგროვილი. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება იყო სრულიად სამართლიანი. 

ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი არჩევნები 26 ოქტომბერს და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ, როგორმე, ვინმემ არ სცადოს და ამ არჩევნებს ჩრდილი არ მიაყენოს. ჩვენ უკვე გაცხადებულად ვნახეთ, რომ ოპოზიციის ლიდერები და წარმომადგენლები საუბრობენ იმის შესახებ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ამ არჩევნებზე რა იქნება, უკვე 27 ოქტომბრისთვის ემზადებიან. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ, ამ არჩევნებთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები საერთოდ არ არსებობდეს." - ამბობს დავით კაჭარავა.

დავით კაჭარავა ოპოზიციის წევრების განცხადებებს ეხმიანება, სადაც ისინი ამბობენ, რომ ჯერ პრემიერის განცხადება და შემდგომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება იყო ერთგვარი უკან დახევა ხელისუფლების მხრიდან.

"ეს არ იყო უკან დახევა, ეს იყო პირიქით, ჩვენი ქვეყნის ინტერესის გათვალისწინება. პრემიერმაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება პრესკონფერენციაზე. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ყველაფერი კანონიერად მიმდინარეობს,“ - აცხადებს დავით კაჭარავა. 

დღის ამბები