03 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
რატომ არ მოაწერა პრეზიდენტმა ხელი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტს - პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები გაკეთდა

"ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტთა პაკეტს პარლამენტის თავმჯდომარე უახლოეს პერიოდში მოაწერს ხელს. რეგლამენტის მიხედვით, ამისთვის შალვა პაპუაშვილს 5 დღიანი ვადა აქვს. სალომე ზურაბიშვილმა ხელმოუწერელი კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტს გუშინ ე.წ. მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა, რაც ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა მასზე არც ვეტო გამოიყენა.

პრეზიდენტის ნაბიჯის განმარტებას ცდილობენ ოპოზიციაში.

"ქალბატონ სალომეს დანაპირები ჰქონდა გაცემული, რომ ვეტოს დაადებდა ყველაფერს, რაც დასავლეთიდან გაკრიტიკდებოდა. ვეტო ხელის არ მოწერისგან იმით განსხვავდება, რომ იქ შენი აზრი უნდა დააფიქსირო - ალტერნატიული, განსხვავებული არგუმენტი უნდა მოიყვანო. ალბათ, ეს ან დაეზარა, ან ეცადა, რომ ამ დისკუსიაში საერთოდ არ შემოსულიყო. მოაწერს ხელს შალვა პაპუაშვილი და მიღებული იქნება ეს კანონი - ამით დიდი არაფერი შეიცვლება," - აცხადებს "გირჩის" წევრი ჰერმან საბო.

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ მმართველ გუნდში და მას პრეზიდენტისთვის შეუფერებლად მიიჩნევენ.

"ეს არის იმავე პოლიტიკური აქტის გაგრძელება, რასაც აქამდე ვამხელდით, რომ შინაგანად არც ის და არც "ნაციონალური მოძრაობა" ამ კანონის მომხრე არ იყვნენ. ამ კუკუდამალობანას თამაშით, ასეთი პოლიტიკური აქტებით, მათ მაინც ხაზი გაუსვეს და ძალიან ნათლად და დააფიქსირეს მთლიანი აზრი - პოლიტიკურმა პარტიებმა, კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი ბოიკოტით, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა - ხელის არ მოწერით," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კირცხალია.

დღის ამბები