03 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
თელ-ავივთან ახლოს, ქალაქ იაფაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ჰამასმა" აიღო

თელ-ავივთან ახლოს, ქალაქ იაფაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ჰამასმა" აიღო. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ორივე ტერორისტი, რომლებიც სამართალდამცავებმა გაანეიტრალეს, მათი წევრი იყო. ორი დღის წინ მომხდარ შემთხვევას 7 ადამიანი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავდა 16 პირი. გვიან ღამით თელ-ავივის გარეუბანში, ქალაქ ბათ-იამიზე 2 დრონით იერიში მიიტანეს. ჩაირთო საჰაერო განგაშიც.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ერთი დრონი საჰაერო ძალებმა შეაჩერეს, მეორე კი ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება. შეგახსენებთ, ორი დღის წინ ირანმა ისრაელზე მორიგი პირდაპირი თავდასხმა განახორციელა, რომელიც კრახით დასრულდა. 200-მდე რაკეტიდან ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ თითქმის ყველა ჩამოაგდო.

დაიღუპა მხოლოდ ერთი ადამიანი -  რაკეტის ნამსხვრევებისგან. დაინგრა რამდენიმე შენობა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელმა შესაძლოა საპასუხოდ ირანის ნავთობის საბადოებს და ატომურ ობიექტებს დაარტყას. განიხილება ნასრალას მსგავსი მიზნობრივი მკვლელობებიც. ამავე დროს აფეთქებები იყო ბეირუთის ცენტრში. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანის დედაქალაქში მათ "ზუსტი" დარტყმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 8 ადამიანი.

დღის ამბები