21 დეკემბერი 2024,   18:40
ვრცლად
"არათანმიმდევრულობა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯი" - პრეზიდენტმა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს ხელი არ მოაწერა

არათანმიმდევრულობა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯი - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს ხელი არ მოაწერა. სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტო არ დაადო და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები არ გადაუგზავნა. მმართველი გუნდის განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება დესტრუქციულობასთან ერთად პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობაცაა.

პრეზიდენტის უარი ოპოზიციის ნაწილისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ზოგიერთ პარტიაში კი ზურაბიშვილის გადაწყვეტილებამ უკმაყოფილებაც გამოიწვია. მაგალითად "გირჩში" მიიჩნევენ, რომ თუ პრეზიდენტს კანონის ძალაში შესვლა არ უნდოდა, პირველ რიგში, პარლამენტისთვის დასაბუთებული შენიშვნები უნდა წარედგინა.

"ქართული ოცნების" მიერ ინიციირებულ და პარლამენტის მიერ მიღებულ პაკეტს დღეს გერმანიის კანცლერი გამოეხმაურა. ოლაფ შოლცის განცხადებით, კანონი ადამიანის ძირითად უფლებებს არღვევს და საქართველოს ევროპისგან აშორებს. უცხოელი პარტნიორების, სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის ნაწილის პოზიციების თანხვედრას დღეს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზურაბიშვილი ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს დადგა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს რა ძალების მიერაა მართული.

პრეზიდენტის უარის მიუხედავად, კანონი ძალაში მაინც შევა და ის პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება.

დღის ამბები