20 ნოემბერი 2024,   07:46
ვრცლად
"ივანიშვილის დაბრუნება პირველ რიგში ქვეყანას წაადგება სასიკეთოდ" - საპარლამენტო უმრავლესობა მე-5 ყრილობისთვის ემზადება

დღეიდან ბიძინა ივანიშვილი ""ქართულ ოცნებას"" თავმჯდომარის რანგში ოფიციალურად უხელმძღვანელებს. ყოფილი პრემიერი ამ პოზიციაზე გიორგი კვირიკაშვილს შეცვლის.
მთაწმინდაზე, კლუბ „ანდერვილში“„ქართული ოცნების“ ყრილობისთვის ბოლო სამზადისია.
მმართველი პარტიის მე-5 ყრილობა 4 საათზე დაიწყება.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მეორედ მოსვლა გუნდში ამ დრომდე არსებულ დაპირისპირებას დაარეგულირებს. უმრავლესობის დეპუტატები აცხადებენ, რომ ივანიშვილის დაბრუნება დემოკრატიული პროცესების განვითარებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.

„პოლიტიკური საბჭო აქტიურად დაეხმარება სახელისუფლებო გუნდს, რომ მომზადდეს ის გადაწყვეტილებები და რეფორმებზე ის მსჯელობები შედგეს, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“-აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი თალაკვაძე.

რაც შეეხება გუნდის შიგნით არსებულ დაპირისპირებას, თალაკვაძის თქმით, "ქართული ოცნების" გაერთიანებულ სხდომაზე ეს საკითხი უკვე მოგვარდა.

„ჩვენ იმთავითვე ვთქვით, რომ ამ საკითხებზე შიდაპარტიული კონსულტაციები მიმდინარეობდა და ვთქვით, რომ უმრავლესობის შემაჯამებელ სხდომაზე ეს საკითხები ამოიწურებოდა და ეს ასეც მოხდა“- განაცხადა თალაკვაძემ.

ივანიშვილის პოლიტიკაში მეორედ მოსვლას ახალი ეტაპის დასაწყისად აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი. სოფიო კილაძის თქმით, ივანიშვილის დაბრუნება ქვეყნის მომავალზე დადებით გავლენას მოახდენს.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მართლაც არის დემოკრატიის ძალიან დიდი ეტაპის სულისჩამდგმელი, მისი დაბრუნება ჩვენს პარტიას და პირველ რიგში ქვეყანას წაადგება სასიკეთოდ, იმიტომ რომ ჩვენ პარტიაც იმიტომ გვაქვს , რომ ქვეყანას ემსახუროს“ -აცხადებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე.

უკვე ცნობილია, რომ პარტიის მე-5 ყრილობის პირველი ნაწილი დახურული იქნება.
მედია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარედ არჩევას და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის დამტკიცებას დაესწრება.

დღის ამბები