20 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი ერთხმად აირჩიეს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი ერთხმად აირჩიეს. ყრილობა კლუბ „ანდერვილში“ იმართება. მმართველმა პარტიამ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც დაამტკიცა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ ოფიციალურად არჩევის შემდეგ ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოვიდა და შეკრებილებს მიმართა. 

"მომიწია იმ თანმიმდევრობის დარღვევა, რომლის შესახებ პოლიტიკაში შემოსვლისთანავე განვაცხადე, მაგრამ როცა შენს ხალხზე, ქვეყანაზეა ლაპარაკი და ვითარება გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს, გაჯიუტება საკუთარ თავთან არასწორია,"- აღნიშნა ივანიშვილმა. 

მმართველი პარტიის ახალმა თავმჯდომარემ "ქართული ოცნების" მიღწევებზე ისაუბრა.

"დღეს საქართველოს მოქალაქეები რეალურად თავისუფლები და სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი თვითნებობისაგან დაცულნი არიან. შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სწორედ ეს იყო ჩვენი ხალხის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ამოცანა. ისინი დემოკრატიული გზით ირჩევენ ხელისუფლებას და თავადვე ანიჭებენ მას სახელმწიფოს მართვის ლეგიტიმაციას. დღეს ჩვენ გვყავს არა არჩევნების გაყალბებით, დაშინებითა და ძალადობით მოსული, არამედ ხალხის ნდობის საფუძველზე შერჩეული, ცხადია, არა უნაკლო, მაგრამ რაც მთავარია, ადამიანზე, როგორც მთავარ ღირებულებაზე ორიენტირებული ხელისუფლება. ამის თვალსაჩინო მაგალითი, სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.  

დღეს სრულად დაცული და ხელშეუხებელია ერთ-ერთი მთავარი სოციალური ინსტიტუტი, ადამიანის თავისუფალი განვითარების ძირითადი საფუძველი - კერძო საკუთრება, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ფეხქვეშ გათელილი და განადგურებული იყო. აღარ არსებობს ელიტარული კორუფცია, ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესმენების მიერ ხელში ჩაგდებული და მონოპოლიზებული სფეროები, სადაც ფეხის შედგმის გაფიქრებაც კი ჩვეულებრივ მეწარმეს  მრავალწლიან პატიმრობად და მთელი ქონების დაკარგვად უჯდებოდა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, საქართველოს ისტორიაში, თავისუფალი და დაცულია ბიზნესი - ქვეყანაში დოვლათის შექმნისა და კეთილდღეობის მთავარი საფუძველი, რაც ჩემთვის უდიდესი ბედნიერება,"- აღნიშნა ივანიშვილმა. 

"ქართული ოცნების" ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესს მიაღწია სასამართლოს დამოუკიდებელობის კუთხით. მან კომენტარი საკონსტიტუციო ცვლილებაზეც გააკეთა. 

"ხელშესახები პროგრესი გვაქვს სასამართლოს დამოუკიდებლობისა  და სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზირების კუთხით. რადიკალურ გარდატეხას მივაღწიეთ პენიტენციალურ სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. წარმატებით დავასრულეთ საკონსტიტუციო რეფორმის რთული და წინააღმდეგობით აღსავსე პროცესი და იმ კონსტიტუციის ნაცვლად, რომელიც ფორმალურად ამართლებდა ერთი ადამიანის მარადიულ მმართველობას, მივიღეთ ხალხის მმართველობაზე ორიენტირებული ევროპული სტანდარტის ძირითადი კანონი,"- აღნიშნა ივანიშვილმა. 

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ საგარეო პოლიტიკაზეც ილაპარაკა და ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება. 

"თვალშისაცემია წინსვლა საგარეო მიმართულებით. არასოდეს საქართველო ისე დაახლოებული არ ყოფილა ევროპასთან და ნატოსთან, როგორც ამჟამად. ჩვენ ერთიანი ევროპული ოჯახის ასოცირებული წევრები ვართ და ეს ფაქტი უკვე იურიდიულადაც დადასტურებულია. ამოქმედებულია ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობისა და  უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რომლითაც უამრავმა ადამიანმა ისარგებლა. საგრძნობლად განმტკიცდა და გაღრმავდა ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ნაწილობრივ უკვე მოვახერხეთ რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაცია და ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, შესაძლებელი გახდება ურთიერთმოსმენისა და დიალოგის რეჟიმზე გადასვლა, რაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანების ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწევის პერსპექტივებს შექმნის,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები