20 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
ჩვენი დასავლელი მეგობრები და პარტნიორები მხარს უჭერენ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში - კვირიკაშვილი

მთაწმინდაზე „ანდერვილში“ „ქართული ოცნების“ რიგით მე-5 ყრილობა მიმდინარეობს.

ყრილობაზე შეკრებილ პოლიტიკოსებს, დელეგატებსა და დიპლომატებს სიტყვით საქართველოს პრემიერმა მიმართა. გიორგი კვირიკაშვილმა თავდაპირველად, მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, რადგან ის პარტიის თავმჯდომარედ პოლიტიკაში დაბრუნებას დათანხმდა.

კვირიკაშვილის თქმით, მმართველი პოლიტიკური პარტიისთვის აუცილებელია რეფორმები, რათა "ქართული ოცნება" ძლიერ ინსტიტუციად ჩამოყალიბდეს, რომელიც მთლიანი საარჩევნო ციკლის განმავლობაში იმუშავებს სრული დატვირთვით.

„ჩვენს პოლიტიკურ ძალას ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია. ეს გზა არ იყო მარტივი ჩვენი გუნდი მძიმე მემკვიდრეობას დიდ გამოწვევას შეეჭიდა. არავინ ფიქრობს, რომ ყველა სირთულე უკან მოვიტოვეთ და შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ... შეგვიძლია ჩვენს ხალხს თამამად ჩავხედოთ თვალებში რათა ჩვენი ყოველი ნაბიჯი მათთვის უკეთესი ცხოვრების შექმნას ემსახურება“- განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, 2012 წლიდან, მას შემდეგ რაც ქვეყანაში „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მყარად არის დაცული დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტური საფუძველი.

გარდა ამისა, ხელისუფლებაში ყოფნისას საქართველოში შეიქმნა უსაფრთხო და სტაბილური გარემო.

„დღეს ჩვენი ქვეყანა ყველაზე ახლოს არის ევროკავშირთან და ნატოსთან“-განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ევროინტეგრაციის გზაზე გატარებულ სამუშაოებზე, ასევე ვიზალიბერალიზაციის მიღებაზე და ევროპაში მიმოსვლის შესაძლებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პრემიერი იმედოვნებს, რომ ნატოს სამიტზე ხაზგასმით აღინიშნება, რომ საქართველო ნატოს განსაკუთრებულად დაუახლოვდა. პრემიერმა მთავარი პარტნიორის აშშ-ს მხარდაჭერაზე ისაუბრა. პრემიერმა, ამერიკისა და დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ცალსახა და მყარ მხარდაჭერაზე ისაუბრა.

„საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, მათ შორის ახალი სამშვიდობო ინიციატივები თამამად შეიძლება ითქვას, რომ დიდი საერთაშორისო მხარდაჭერით სარგებლობს.

ჩვენი დასავლელი მეგობრები და პარტნიორები უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნიდან ღიად და მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ისინი ასევე იზიარებენ და მხარს უჭერენ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში“- განცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა, ტურიზმის, ეკონომიკისა და სხვადასხვა სფეროების გაძლიერებაზე, რომელსაც ქვეყანამ მისი თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ  მიაღწია.

 

დღის ამბები