20 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
არც ხელისუფლების, არც „ქართული ოცნების“ და არც ჩემი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ დავბრუნებულვარ - ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზს განმარტავს

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებს მმართველი პარტიის ყრილობაზე განმარტავს.

„ვინც ახლოს მიცნობს, კარგად იცის, რომ ეს ჩემთვის საკმაოდ რთული გადაწყვეტილება არც ხელისუფლების, არც „ქართული ოცნების“ და მით უმეტეს, არც ჩემი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ მიმიღია. ისევე, როგორც 2011 წლის ოქტომბერში მიზანი ამჟამადაც იგივე და უცვლელია, საქართველო, საქართველოს ხალხის და თითოეული ოჯახის კეთილდღეობა და ღირსეული მომავალი,“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, პოლიტიკიდან წასვლა წინა ხელისუფლების შეცვლის გამო გადაწყვიტა.

„რატომ ვბრუნდები პოლიტიკაში, მაშინ, როცა რამდენიმე წლის წინ საჯაროდ განვაცხადე, რომ ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მივიღებდი? რატომ გადავწყვიტე ახლა, კვლავ ჩავუდგე სათავეში იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც 2012 წელს დავაფუძნე და ჩემს ხალხთან ერთად შევასრულე ჩემს ცხოვრებაში ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საპატიო მისია, დავამარცხე და დარწმუნებული ვარ, ქვეყნის მართვას საბოლოოდ ჩამოვაშორეთ მოძალადე და ხალხის მჩაგვრელი ხელისუფლება,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ქვეყანა რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას.

„პირველი მიზეზია ობიექტურად არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ამ ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო მძაფრ, ხელოვნურად დამძიმებულ ფერებში წარმოჩენის განუწყვეტელი მცდელობები. მეორე, ოპონენტების უმრავლესობისგან მომდინარე უკიდურესად დესტრუქციული მუხტი და ბოლოს, მესამე, ხელისუფლების შიგნით არსებული, მართალია, სუსტი, მაგრამ სრულიად არასაჭირო, უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობები,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დღის ამბები