20 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილს აქვს ნდობა და შესაბამისი პოლიტიკური წონა, რომ ასეთი პრობლემები ძალიან მარტივად გადაჭრას - კობახიძე

„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება ძალიან დადებითად აისახება, როგორც პარტიაში განსავითარებელ პროცესებზე, ასევე, პოლიტიკურ პროცესებზე, ზოგადად, ქვეყანაში,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევის შეფასებისას გააკეთა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ყრილობაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი გზავნილები გაახმოვანა და პარლამენტის თავმჯდომარემ ივანიშვილის გამოსვლიდან დემოკრატიის და ეკონომიკის ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებული გზავნილი გამოყო.

„საუბარი იყო იმაზე, რომ ეკონომიკა უნდა დაეწიოს დემოკრატიას და არა პირიქით. ეს იყო ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა ხედვამ განიცადა 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შემდეგ და ბიძინა ივანიშვილი იქნება გარანტი იმისა, რომ ჩვენ ამ ხედვას და კონცეფციას არავითარ შემთხვევაში არ გადავუხვევთ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების ერთ-ერთ მიზეზად გუნდში არსებული დაპირისპირებაც დაასახელა, რაც კობაიძის თქმით, უკვე მოგვარებულია.

„როგორც კი გააკეთა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განცხადება პოლიტიკაში მისი დაბრუნების თაობაზე, მყისიერად ეს მცირე პრობლემები მოგვარდა. ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს ნდობა და შესაბამისი პოლიტიკური წონა, რომ ასეთი პრობლემები ძალიან მარტივად გადაჭრას,“ - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ასევე, გამოეხმაურა ივანიშივილის მიერ ოპოზიციის და ექსპერტების კრიტიკას და პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ჯგუფები დესტრუქციულები არიან.

დღის ამბები