„ქართულმა ოცნებამ“ მეხუთე ყრილობა მთაწმინდაზე დახურულ კლუბში აღნიშნა, სადაც მედია არ შეუშვეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტები მმართველი პარტიის მთავარ პოლიტიკურ მოვლენას არა უშუალოდ დარბაზში, არამედ ცალკე გამოყოფილი მედიაცენტრიდან ადევნებდნენ თვალ-ყურს.
ყრილობაზე წასასვლელად მინისტრები, დეპუტატები და მმართველი გუნდის წევრები მმართველი პარტიის ოფისში შეიკრიბნენ და მთაწმინდაზე მიკროავტობუსებით იმგზავრეს.
ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ყრილობას ყველაზე ბოლო შეუერთდა. პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობა და თავმჯდომარედ ყოფილი პრემიერი ყრილობაზე ერთხმად აირჩიეს.
ყრილობა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, კახა კალაძეს მიჰყავდა. პირველი სიტყვით კლუბში შეკრებილებს სწორედ მან მიმართა.
გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც პარტიის თამჯდომარის პოსტი ბიძინა ივანიშვილს დაუთმო, განაცხადა, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებელი პოლიტიკაში მაშინ ბრუნდება, როდესაც მედია თავისუფალია, ქვეყანას პრაგმატული საგარეო პოლიტიკა აქვს.
პარტიის თავმჯდომარედ არჩეული ბიძინა ივანიშვილის პირველი ფრაზა იყო, რომ პოლიტიკაში დაბრუნება მოუწია. მიზეზებზე ვრცლად ისაუბრა.
პოლიტიკაში დაბრუნების სამი მიზეზიდან ერთ-ერთი „ქართული ოცნების“ შიდა დაპირისპირება იყო, თუმცა ივანიშვილმა მმართველი გუნდის მთავარ მიღწევებზეც ისაუბრა.
ბიძინა ივანიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებზეც გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარი კანონის ახალი ვერსია ყველაზე დემოკრატიული დოკუმენტია.
ყრილობაზე პარტიის ლიდერმა დამოუკიდებელ სასამართლოსა და დეპოლიტიზირებულ ძალოვანი სისტემებზეც ისაუბრა.
"ქართული ოცნების" ახალმა თავმჯდომარემ პარტიის მეხუთე ყრილობაზე ქვეყნის საგარეო ორიენტირზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ევროპასთან უვიზო მიმოსვლაა.