არასაპარლამენტო ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას აფასებს. ოპოზიციის წევრების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ პარტიის ყრილობაზე გამოსვლით აშკარა გახდა, რომ ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით დაბრუნდა პოლიტიკაში.
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ დღევანდელი გამოსვლის დროს საზოგადოებას კონკრეტული, მისთვის საჭირო ინფორმაცია არ მიუღია.
„ყრილობა ჩაატარა იმისთვის, რომ ჩვენთვის ეთქვა, ქართველო ხალხო, მოვედი იმისთვის, რომ ძალაუფლებას ვკარგავდი, მეტი სხვა დღეს სიახლე, ქართულ საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილისგან, მე მგონი, ვერ მოისმინა,“ - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
„თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკური მდივანი, ნინო გოგუაძე ბიძინა ივანიშვილს სიცრუეში ადანაშაულებს.
„გვითხრა სამი აბსოლუტური სიცრუე. მან გვითხრა, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი, მან გვითხრა, რომ მედია არის თავისუფალი და მედია თავისუფლების გარანტი არის ეს ხელისუფლება, მან გვითხრა, რომ სასჯელაღსრულების სისტემა არის დეპოლიტიზირებული,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
„შენების მოძრაობის” დამფუძნებელი და თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილის თქმით, სადამფუძნებლო დეკლარაციაში მოყვანილ პუნქტები არ შესრულებულა და თუ ივანიშვილი შეასრულებს ამ გეგმას, ის თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.