„ქართულ ოცნებას“ ახალი თავმჯდომარე ჰყავს. მეხუთე ყრილობაზე პარტიამ პოლიტსაბჭოს შემადგენლობა დაამტკიცა და ახალ ხელმძღვანელად ბიძინა ივანიშვილი აირჩია.
ექსპრემიერმა პოლიტიკაში დაბრუნების ძირითად მიზეზებზე ისაუბრა. ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური გზავნილი „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირების აღიარება იყო. ბიძინა ივანიშვლმა მმართველ პარტიაში არსებულ პრობლემებზე ილაპარაკა.
მისივე თქმით, ის ქვეყანა რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას.
ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციაზეც ისაუბრა და პოლიტიკოსები ღირსეულ და უღირს ნაწილებად დაყო, მედია კი ადამიანის ცნობიერებაზე საინფორმაციო იერიშში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, მედია მხოლოდ ნეგატიურ ინფორმაციას აშუქებს და საზოგადოებაში უიმედობას აჩენს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ოპოზიციას, ექსპერტებსა და ჟურნალისტებს პროფესიონალიზმი დაუწუნა.
"რიგი პოლიტიკური პარტიების მიერ მართული ტელევიზიები, ტყუილის წარმოების კონვეიერში ჩართული პოლიტიკოსები და ეგრეთწოდებული ექსპერტები მიზანდასახულად ნერგავენ უიმედობის, სასოწარკვეთილების და შიშის ატმოსფეროს. ეს „ცარიელი სიმრავლე“ ცდილობს დააჯეროს ხალხი, რომ ქვეყანა ინგრევა, ლამის აპოკალიფსი მოახლოვდა და ყოველივე ეს არის ამ ხელისუფლების საქმიანობის შედეგი, რომელიც თითქოს არაფერს აკეთებს მდგომარეობის გამოსასწორებლად,"- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.