20 ნოემბერი 2024,   07:32
ვრცლად
თბილისის მერია „სითი პარკთან“ სამართლებრივი დავისთვის 800 ათას ლარს დახარჯავს - ოპოზიცია ბიუჯეტის ფლანგვაზე საუბრობს

თბილისის მერია სითი პარკთან სამართლებრივი დავისთვის 800 ათას ლარს დახარჯავს. ეს თანხა საერთაშორისო არბიტრაჟში მერიის ადვოკატების დასაქირავებლად გამოიყო. 4 მაისით დათარიღებულ ბრძანებას ხელს კახა კალაძე აწერს.

ოპოზიცია კი სითი პარკთან დავისთვის 800 ათასი ლარის გამოყოფას ბიუჯეტის ფლანგვად აფასებს.

თბილისის საკრებულოდან მერს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ თბილისელების ნაწილის გულის მოსაგებად სითი პარკთან შეწყვეტილი ხელშეკრულება ამავე მოქალაქეებს ახლა ძალიან ძვირი დაუჯდებათ.

თუ კალაძის უწყება დავას წააგებს, მაშინ სითი პარკისთვის, კომპენსაციის სახით, მილიონობით ლარის გადახადა მოუწევს. საკრებულოში ქართული ოცნების გუნდი ამტკიცებს, რომ საერთაშორისო არბიტრაჟში პროცესის მოსაგებად მათ კვალიფიციური იურისტების დახამრება სჭირდებათ და ხარჯი გამართლებულია.

მერია 800 ათას ლარს სითი პარკისთვის ხარჯავს, 600 ათასი ლარი დაუჯდება 26 მაისის ღონისძიებები, თუმცა, დამოუკიდებლობის 100 წლის აღსანიშნად მომსახურებას მერია კონკურენტუნარიანი ტენდერის გარეშე გამარტივებული შესყიდვით შეიძენს და ტენდერს არ გამოაცხადებს.

კიდევ 600 ათასი ლარია გამოყოფილი ახალი სოციალური კამპანიისთვის სახელწოდებით "გაუფრთხილდი ქალაქს". მერია ამ ფულით გეგმავს, რომ სოციოლოგიური კვლევა ჩაატაროს, რატომ აზიანებენ თბილისელები ქალაქს, შემდეგ კი ვანდალიზმს სოციალური კამპანიით ებრძოლოს.

 

 

 

ავტორი: თამთა ჯიქია

დღის ამბები