ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზებაში ბრალდებულთა საქმის მასალები კურიერმა ექსკლუზიურად მოიპოვა. ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემა, ერთ-ერთ მეტროსადგურში ნაპოვნი ქალის პირადობის დამადასტურებელი მოწმობით იწყება.
ნინო გეგელაშვილისა და გიორგი გოგებაშვილის სისხლის სამართლის საქმის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება მეტროში ნაპოვნი დოკუმენტია. ირკვევა, რომ ბრალდებულმა გეგელაშვილმა სხვის სახელზე ისე, რომ ამ მოქალაქემ არც კი იცოდა, დაარეგისტრირა ანგარიში, სადაც ნარკოტიკების რეალიზებიდან მიღებული ფული ირიცხებოდა.
ბრალდებულებს ანგარიშები ინტერნეტ ტოტალიზატორებში აჭარაბეთსა და კრისტალბეთში ჰქონდა გახსნილი. შემდეგ ეს ფული თიბისი ბანკში გიორგი გოგებაშვილის ანგარიშზე ირიცხებოდა და ბანკომატიდან გამოჰქონდათ.
ბრალდებულმა ნინო გეგელაშვილმა სასამართლო სხდომაზე ინტერნეტით ნარკოტიკების გაყიდვის შესახებ არაფერი თქვა, თუმცა, კურიერმა მოიპოვა ჩვენება, რომელიც 27 წლის გოგონამ გამოძიებას მისცა.
ჩვენებაში ის დანაშაულს აღიარებს და დეტალურად ყვება, როგორ ყიდიდა ნარკოტიკს ინტერნეტში. ნარკოტიკების გასაღება ინტერნეტ აპლიკაციის საშუალებით ხდებოდა.
კურიერმა საქმის მასალებიდან ფოტო მოიპოვა, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცველებმა 22 მობილური ტელეფონი ამოიღეს. გამოძიებას აქვს ვერსია, რომ ამ ტელეფონში სხვადასხვა სიმ ბარათები იდო და მიმოწერაც ამ ნომრებიდან ხორციელდებოდა.
კურიერის მიერ მოპოვებული მასალებიდან ირკვევა, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 7800 ლარი. ჩხრეკის დროს ამოიღეს ორი ავიაბილეთი ქუთაისი-მილანის მიმართულებით. ირკვევა, რომ ბრალდებულები 9 მაისს იტალიაში მიფრინავდნენ, სპეცოპერაცია კი ორი დღით ადრე - 7 მაისს ჩატარდა.
საქმის მასალებით ნინო გელაშვილი და გიორგი გოგებაშვილი ნარკოტიკების რეალიზატორები იყვნენ, მაგრამ ვის შემოჰქონდა აკრძალული ნივთიერება ქვეყანაში, ეს გამოძიებით დადგენილი არ არის.
ამ დროისთვის საქმეს მხოლოდ ორი ბრალდებული ჰყავს. კიდევ ვინ აღმოჩნდება განსასჯელის სკამზე, ეს შესაძლოა, სასამართლოში გაირკვეს.
ჯერჯერობით არ იკვეთება გეგელაშვილის მეგობრის პოლიციელი ძმის - იაკობ გოგებაშვილის, შემხებლობა. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელთან კითხვები ბევრია, რომელსაც ჟურნალისტებთან ინსპექტორი გოგებაშვილი არ პასუხობს.