20 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ 8 პირს ბრალი წარუდგინეს, ხოლო ადვოკატებს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს

ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ 8 პირს ბრალი წარუდგინეს. მათ გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას და გასაღებას ედავება.

ადვოკატები კახა კალაძის მიერ გახმოვანებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ორი დაკავებული არ გაუთავისუფლებიათ.

ადვოკატებს საქმის დეტალებზე გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი. რვავე დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

ადვოკატი ირაკლი ჩუტკერაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას და გასაღებას ედავება.

„რაც შეეხება გამოძიებაში არსებულ ცნობებს, მე ვერ გეტყვით იმიტომ, რომ ხელი მაქვს მოწერილი გაუთქმელობაზე. ძალიან დიდი ემოციური ფონი მოჰყვა ამ ყველაფერს. ამ მტკიცებულების გახმაურება გარკვეულწილად დააზარალებს, მათი აზრით, გამოძიებას. ვფიქრობ, რომ ეს ასე არ არის იმიტომ, რომ ხალხმა უნდა იცოდეს, რა მოხდა და როგორ მოხდა,“ – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატ ნინო ლალიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არა კლუბში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, არამედ დიღომში დააკავეს.

ადვოკატი გია გოროზია აცხადებს, რომ არ იცნობს საქმის მასალებს, რადგან ბრალდების მხარის მტკიცებულება ვიდეოჩანაწერი დაცვის მხარეს არ გადასცემია.

„მას პირადი ჩხრეკისას, ასევე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას რაიმე სახის ნარკოტიკული საშუალება არ ამოუღიათ,“ - აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატი გიორგი ფანცულაია აღნიშნავს, რომ არც მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაუკავებიათ კლუბში. ადვოკატის თქმით, ბრალის წარდგენის მიუხედავად, ბრალდების მხარეს მათთვის მტკიცებულება არ გადაუცია.

„საქმის მასალები, მიუხედავად იმისა, რომ ბრალის წარდგენა მოხდა, ჯერჯერობით არ გადმოგვეცა. შესაბამისად, რამდენად დასაბუთებული არის პროკურატურის მოთხოვნა, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი, უბრალოდ, შეუძლებელია,“ - განაცხადა ფანცულაიამ.

ადვოკატი ხათუნა ხურცილავა აღნიშნავს, რომ 8 ბრალდებულის წინააღმდეგ ერთი ადამიანი აძლევს მხოლოდ ჩვენებას.

„ერთი ადამიანი ადებს 8 ბრალდებულს ხელს, ერთნაირად აძლევს ჩვენებას და ერთნაირად ადებს ხელს და ერთ ნარკოტიკს უთითებს ყველას,“ - აცხადებს ადვოკატი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკორეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, საქმეში არსებობს შესაბამისი ვიდეო მტკიცებულებები.

ამავე თემაზე
დღის ამბები