ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით დაწყებულ მსჯელობას ეხმაურება.
სოზარ სუბარი იმ კრიტიკულ განცხადებებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ქვეყანაში არსებულ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას ეხება.
მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფოში არსებული ნარკოპოლიტიკა 2012 წლის შემდეგ შეცვლილია.
„როდესაც ვლაპარაკობთ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე, უნდა ითქვას, რომ გარკვეული ცვლილებები ამ მხრივ, 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე განხორციელდა და არცთუ ცოტა ცვლილებები სწორედ ლიბერალიზაციის კუთხით, თუმცა, ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარი 12 მაისს ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას და პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია.
„ყველა ხედავთ, რომ გამოხატვის, შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება არის ის ღირებულება, რომელიც უცვლელად იქნება დაცული ჩვენი ხელისუფლების პირობებში და გუშინდელმა, გუშინწინდელმა დღეებმა კიდევ ერთხელ აჩვენა,“ - აღნიშნა სოზარ სუბარმა.