შს სამინისტროში მინისტრთან შეხვედრის შემდეგ „თეთრი ხმაურის წევრი ბექა სუბელიანი ამბობს, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმის კუთხით დიდი ცვლილებების იმედი არ აქვს.
სუბელიანი ფიქრობს, რომ შს სამინისტრო წავა გარკვეულ დათმობებზე, თუმცა ეს ძალიან მცირე ცვლილება იქნება, რაც რეალურად ვერ იმუშავებს.
„მე არ მაქვს არანაირი განცდა, არანაირი ინფორმაცია, რომ რაიმე მნიშვნელოვან, განსაკუთრებულ წინსვლას მივიღებთ. მე არ მგონია, რომ შს სამინისტრო განსაკუთრებულად დიდ ცვლილებებზე წამოვა შს სამინისტრო. ჩემი ვარაუდით, ეს იქნება უკეთესი ვერსია, ვიდრე 8 ნივთიერების ოდენობები, მაგრამ გაცილებით, უარესი ვერსია, ვიდრე ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებული ოდენობები და სანქციები, სამწუხარო რეალობა ის არის რომ რეფორმის არსი არ არის მხოლოდ ოდენობები და ვადები. ეს რეფორმა იმუშავებს იმ შემთხვევაში თუ მიიღებენ იმ ფორმით, რა სახითაც ჩვენ გვაქვს წარდგენილი,“ - განაცხადა სუბელიანმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ შეფასებები გააკეთა "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმაც.
მისი თქმით, ჯერ არ არის ცნობილი ვინ შევა იმ ორ ჯგუფში, რომელთა შექმნაც შეხვედრის შემდეგ გადაწყდა.
ვერძეული ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ნარკოპოლიტიკის რეფორმა იყოს რეალური.
„მნიშვნელოვანია წავიდეთ იმაზე შორს ვიდრე ნარკოპოლიტიკის რეფორმის წინა განხილვების დროს მივედით, ვფიქრობ ეს სამუშაო ჯგუფი ამის შესაძლებლობას მოგვცემს“-განაცხადა ვერძეულმა.
შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები შექმნიან ორ სამუშაო ჯგუფს. ერთი ჯგუფი ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე იმუშავებს, მეორე კი სამართალდამცავ უწყებასთან ერთად შეისწავლის ჰქონდა თუ არა ადგილი გადაცდომებს ადგილი 12 მაისის სპეცოპერაციის დროს და შემდგომ საპროტესტო აქციაზე.