„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ნარკოტიკების ლეგალიზება აქვს გადაწყვეტილი.
შალვა ნათელაშვილის თქმით, ყოფილი პრემიერ მინისტრის ვაჟის, ბერა ივანიშვილის მიერ გავრცელებული ახალი კლიპი ქვეყანაში ნარკოტიკებით ვაჭრობის ლეგალიზებას ისახავს მიზნად.
ნათელაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის ოჯახი ახალი ბიზნესის წამოწყებას ცდილობს.
მისი თქმით, „ლეიბორისტული" პარტია და საზოგადოება ამას არ დაუშვებს. ნათელაშვილი საკანონმდებლო ორგანოს სთხოვს ნარკორეალიზატორობა სამუდამო პატიმრობით დასჯადი დანაშაული გახდეს.
„დღეს საქართველო იმართება ბერა ივანიშვილის კლიპებით, საიდანაც წუხელ შევიტყვეთ, რომ მმართველ ოჯახს გადაწყვეტილი აქვს ნარკოტიკებით ვაჭრობის დაკანონება. მინდა გავაფრთხილო მთავარი ნარკობარონი ბიძინა ივანიშვილი, ერის რისხვა იქნება გარდაუვალი თუ მოახდენ ახალგაზრდობის გადასაშენებელი ნივთიერებების თავისუფალი ვაჭრობის ლეგალიზაციას.
მოვუწოდებ პარლამენტს, შეიკრიბეთ და დააწესეთ ნარკოვაჭრობაზე სამუდამო პატიმრობა,“- განაცხადა ნათელაშვილმა.