ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრი კვლავაც ორადაა გაყოფილი. „ქართული ოცნების“ ერთი ნაწილისთვის ისევ მიუღებელია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია.
შეუთანხმებლობის მთავარი მიზეზი დეკრიმინალიზაცია გახდა, მმართველ გუნდში ვერ რიგდებიან, უნდა შეეხოს თუ არა დეკრიმინალიზაცია ყველა ტიპის ნარკოტიკს.
კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ დეკრიმინალიზაცია ყველა ტიპის ნარკოტიკს უნდა შეეხოს.
მმართველი გუნდის წევრები დოზებზეც ვერ თანხმდებიან. უმრავლესობის წევრები ამბობენ, გადარწმუნების და შეფასების კომისია უნდა შეიქმნას.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე კომისიის მნიშვნელობას განმარტავს და სანქციების დაწესებაზე საუბრობს.
„თუ არის პირადი მოხმარება ან მხოლოდ მოხმარება, ან პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობის ფლობა, ამ შემთხვევაში ჩამოერთვას ეს ნარკოტიკი, შესაბამისი ადმინისტრაციული სანქციები იქნას მიყენებული იმ შემთხვევაში თუ ეს არის განმეორებითი და გადაიგზავნოს გადარწმუნების და შეფასების კომისიაში, სადაც არის ექიმი, იურისტი, შესაძლოა ეკლესიის წარმომადგენელსაც ვთხოვოთ და სოციალური მუშაკი. შევიყვანოთ ადამიანები, ვისაც აქვთ და ექნებათ უნარი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ჩვენი ახალგაზრდების სწორად წარმართვის და სწორად აღზრდის მიმართულებით და მერე, როცა ერთი წელი გავა და თვალსაჩინო შედეგები დაიდება არა პორტუგალიის მაგალითზე, არამედ საქართველოს მაგალითზე, ყველა, ჩემი აზრით, მათ შორის, მირიან წიკლაურიც დარწმუნებული იქნება, რომ ეს ასე უნდა გაკეთდეს,“ – აცხადებს ზოიძე.