საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტში ვიზიტმა, მწვავე კამათისა და კრიტიკის ფონზე ჩაიარა. ოპოზიციას ქვეყნის პირველ დიპლომატთან არაერთი კითხვა ჰქონდეთ, მათ შორის არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით.
მიხეილ ჯანელიძის საკომიტეტო მოსმენაზე, თინა ბოკუჩავა დაინტერესდა, რას ფიქრობს მინისტრი ქვეყანაში არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი ქვეყნის არაფორმალური მმართველი და მისი ოჯახის წევრები მეტი გავლენით სარგებლობენ ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე ნებისმიერ მინისტრი თუ პრემიერ-მინისტრი. თვლით თუ არა, რომ პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მინისტრმა საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე არის "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და არაფორმალურ მმართველობაზე „საუბარი ზედმეტია“.
„თუ ბატონ ბიძინაზეა საუბარი, იგი გახდა ძალიან მაღალი პოლიტიკური თანამდებობის უკვე მქონე, იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც არის დღეს უმრავლესობაში და შესაბამისად, მე მგონია, რომ აქ ძალიან ზედმეტია საუბარი რაიმე არაფორმალურ მმართველობაზე,“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
მიხეილ ჯანელიძეს ოპოზიციამ "Freedom House"-ის ანგარიშის შეფასებაც სთხოვა, სადაც სწორედ ქვეყანაში არსებულ არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი.
„სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციები ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი და დარჩება მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები იყო ყოველთვის ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდამჭერი, ფინანსურად, ტექნიკურად, პოლიტიკურად, ასევე დარჩება,“ - განაცხადა მინისტრმა.
მიხეილ ჯანელიძემ ოპოზიცია პოპულისტური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა. ჯანელიძის მხრიდან ოპოზიციის კრიტიკა ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას მოჰყვა.
ოპოზიცია დაინტერესდა როდის გააკეთებს ქვეყანა ევროკავშირში წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს.
„განაცხადის გაკეთება მოხდება მაშინ, როდესაც ამისთვის იარსებებს შესაბამისი საფუძველი. ეს შესაძლებელი შეიძლება იყოს ერთ წელიწადში და შეიძლება 10 წელიწადში,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.