20 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
ეს არ გახლდათ სპეცოპერაცია, ეს გახლდათ საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკა - ნათია მეზვრიშვილი სპეცრაზმის კლუბებში შესვლაზე

„ეს არ გახლდათ სპეცოპერაცია, ეს გახლდათ საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკა. დღეიდან ამას უნდა ვუწოდოთ საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკა იმიტომ, რომ სამართლებრივად ეს იყო ასე,“ – ეს განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა, ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა.

ნათია მეზვრიშვილი 12 მაისს თბილისის სპეცრაზმის ქმედებებს განმარტავს და აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის გამო გატარდა.

„ცალსახად შეიძლება, ითქვას და თამამად, რომ პოლიცია მოქმედებდა კანონის ჩარჩოებში. თქვენ ყველამ კარგად დაინახეთ სრულიად ახალი პოლიცია, რომელიც ორიენტირებული იყო იქ მყოფი მოქალაქეების უფლებების დაცვასა და არა უფლებების დარღვევაზე. ამ დრომდე უფლების დარღვევის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. მათ შორის, როგორც ჩემთვის ცნობილია, არც სახალხო დამცველის ოფისში. ინდივიდუალურად თუ რაიმე გადაცდომებს ადგილი ჰქონდა, ჩვენ მზად ვართ, რომ, როგორც სახალხო დამცველის ოფისთან, ისე შესაბამის ორგანოებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით ვითანამშრომლოთ,“ - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, სამართალდამცავებს ნარკოტიკების გაყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდათ და მისი თქმით, პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებდა.

„მე მაქვს აქეთ შეკითხვა საზოგადოებასთან, ნებისმიერი ნორმალური პოლიციელი და სამართალდამცავი, რომელსაც დადასტურებული მტკიცებულებები აქვს, რომ კლუბებში ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდიან, უნდა ჩაეტარებინა თუ არა კლუბში საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკა, პასუხი არის ერთადერთი და ცალსახა, დიახ, ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო, ეს იყო ლეგიტიმური, პოლიცია მოქმედებდა კანონის შესაბამისად,“ - განაცხადა მეზვრიშვილმა.

დღის ამბები