შს მინისტრს პარლამენტში პარასკევს ელოდებიან - ოპოზიციის და მმართველი გუნდის შეკითხვებს სპეცოპერაციაზე მთავარი პასუხისმგებელი მინისტრი, გიორგი გახარია პლენარული სხდომის ფორმატში უპასუხებს.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მინისტრის მზაობიდან გამომდინარე, დეპუტატები ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს მიიღებენ.
„დაისმევა ყველა კითხვა, რომელიც დეპუტატებს გააჩნიათ და მე ვფიქრობ, რომ ვინაიდან, კონსულტაციების დროს ბატონმა მინისტრმა თქვა, რომ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი აქვს, ეს კითხვები და პასუხები საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის,“ – განაცხადა მდინარაძემ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია მინისტრის გადაწყვეტილებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ აქციის ორგანიზატორებსა და სახალხო დამცველის მონაწილეობით ახალ ფორმატში მსჯელობა მისთვის მისაღებია.
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მდივნის, თინათინ ბოკუჩავას თქმით, სახელმწიფო ნარკორეალიზატორებს უნდა ებრძოდეს.
„ის ძალადობრივი ოპერაცია, რაც მათ ჩაატარეს, სრულად არგაგონილი, რის შედეგადაც, რეალურად ვერ მოხდა ნარკორეალიზატორების იდენტიფიცირება, ეს პირდაპირ ურტყამს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას, ტურიზმს,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.
"ევროპული საქართველოს" წევრის, ირაკლი აბესაძის თქმით, ძირითადი კითხვები ისევ პასუხგაუცემელია. მისი განცხადებით, შს მინისტრს პარლამენტში მოუწევს, გასცეს კითხვას პასუხი, რა სამართლებრივი ზომები ტარდება კონტრაქციაზე გამოთქმულ ფაშისტურ განცხადებებთან დაკავშირებით.
„პასუხგაუცემელი დარჩა მთავარი შეკითხვები, ვის შემოაქვს ქვეყანაში ის სინთეტიკური მკვლელი ნარკოტიკები, რომელსაც გასული დღეების და თვეების განმავლობაში ათეულობით ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა, რა კავშირში იყო ეს სპეცოპერაცია ამ ნარკოტიკების გამავრცელებლებთან ბრძოლაში, მაშინ, როდესაც, როგორც ინფორმაცია არის, არცერთ გამავრცელებელს და დაკავებულს მსგავსი ნარკოტიკი არ აღმოაჩნდა,“ - განაცხადა აბესაძემ.