კრიმინალური პოლიცია ღამის კლუბებში საგამოძიებო მოქმედებებს უკვე მეოთხე დღეა, ატარებს. კურიერის ინფორმაციით, კლუბებში, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, სამართალდამცველებმა სავარაუდო ნარკოტიკული ნივთიერება 35-მდე წერტილში იპოვეს.
გამოძიების მიმდინარეობის შესახებ უფრო მეტ დეტალს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წარუდგენს, როდესაც პლენარულ სხდომაზე დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოვა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, კი დღეს საზოგადოებას საგანგებოდ განუმარტა, რომ სპეცრაზმის ღამის კლუბებში შესვლას სპეცოპერაცია არ ჰქვია და ნიღბიანი სპეცრაზმელები გალერისა და ბასიანზე მხოლოდ საგამოძიებოს მოქმედებებისთვის შევიდნენ.
ოპოზიციისთვის გაუგებარია, რატომ იყო აუცილებელი სპეცოპერაციის ჩატარება პარასკევს საღამოს, როდესაც კლუბები ტურისტებით სავსე იყო. საპარლამენტო ოპოზიცია გიორგი გახარიასთან კითხვებს იმის შესახებაც დასვამს, თუ როგორ მოხვდა სინთეტიკური მომაკვდინებელი ნარკოტიკული საშუალებები ქვეყანაში და რატომ არის მთავრობის მიერ წახალისებული ნეო-ფაშისტური ორგანიზაციები.
გიორგი გახარიას მოხსენების შემდეგ პლენარული სხდომა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
გიორგი გახარია თავის გამოსვლაში, სავარაუდოდ, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე სამინისტროს ხედვასაც წარადგენს.
უმრავლესობას ნარკოპოლიტიკის კანონპროექტებზე გადაწყვეტილება ივნისის დასაწყისამდე აქვს მისაღები. შეუთანხმებელი საკითხები დეკრიმინალიზაცია და დოზების თემაა.
შეთანხმდება თუ არა ორად გაყოფილი მმართველი პარტია კანონპროექტის ამ პუნქტებზე, ეს მომდევნო დღეებში გადაწყდება.