თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ დედაქალაქის გაზრდილ ბიუჯეტზე ისაუბრა. მისი თქმით, 30 მილიონი ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტებს მოხმარდება, რომელიც 2018-2019 წლებშია გაწერილი.
დედაქალაქის მერის თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესის გაუმჯობესებას და სპორტული მოედნებისთვის თანხა მომდევნო წლიდან გაიწერება.
„30 მილიონი მომდევნო ორი წლის განმავლობაში გათვალისწინებული იყო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, თუმცა მოგვცეს შესაძლებლობა, რომ წელს დავხარჯოთ ეს თანხები. ირაკლის მინდა ვუთხრა, რომ წელსვე უნდა იყოს გამოყენებული, ანუ წლის ბოლოს უნდა იყოს ათვისებული და განხორციელებული ყველა პროექტი, რომელიც იქნება წარმოდგენილი ჩვენი მხრიდან. მომავალ წელს ეს 30 მილიონი, რომელიც იქნება ასახული ბიუჯეტში, დაიხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე,“- განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე სათადარიგო ზოლის, ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაცია და სხვა პროექტების განხორციელება იგეგმება.
„ვახორციელებთ აეროპორტის სათადარიგო ზოლის მარცხენა მხარეს სამუშაოებს, დაგეგმილი გვაქვს, რომ მარჯვენა სათადარიგო ზოლიც გავაკეთოთ, ასევე ჩვენ გვინდა ბარათაშვილის აღმართის სრული რეაბილიტაცია განვახორციელოთ,“- აღნიშნა ბენდელიანმა.