უნდა შევიგნოთ რიგითმა მოქალაქეებმა, რომ ვიღაცის რეკომენდაციით „ჯიპას“ რექტორის პრეზიდენტად არჩევა ამ შედეგით სრულდება - ასე ეხმაურება გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტის განცხადებას, სადაც მარგველაშვილმა რუსეთის პრეზიდენტთან რაციონალური დიალოგის მზაობა გამოთქვა.
ვაშაძის თქმით, თუ მარგველაშვილის განცხადება კულუარებში ამ საკითხზე უკვე დაწყებულ მუშაობასთან არ არის კავშირში და ეს განცხადება მის პირად ინიციატივას უკავშირდება, კრემლისთვის ბევრად მომგებიანი აღმოჩნდება. გრიგოლ ვაშაძე ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლება მარგველაშვილის განცხადებას გამოიყენებს იმის დასტურად, რომ საქართველოს ხელისუფლება კავკასიაში არსებულ „ახალ რეალობას“ აღიარებს.
„რაში სჭირდება კრემლს დღევანდელი კონსტიტუციით დღევანდელი პრეზიდენტი, მითუმეტეს მარგველაშვილი და მითუმეტეს ოქტომბერში წამსვლელი. ეს არაფრით არ დამთავრდება და სრულიად გაუგებარია რითი მივა საქართველოს წარმომადგენელი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ამ შეხვედრაზე, ინტერესები არის სრულიად შეუთავსებელი. თუ ასეთი კულუარული მუშაობა არ მიმდინარეობდა კიდევ უკეთესი კრემლისთვის.
"იქნება განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროსი ან კარასინის, რომელიც იტყვის, რომ ხომ ხედავთ საქართველოში საღი აზრი იმარჯვებს და როგორც იქნა ეს ქვეყანა თავისი წარმომადგენლების პირით ამბობს, რომ დრო არის აღიარონ ის ახალი რეალობა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში შეიქმნა. ასედაც კარგია კრემლისთვის, ისედაც კარგია კრემლისთვის.
"ჩვენ კიდევ როგორც რიგითმა მოქალაქეებმა, კიდევ უნდა შევიგნოთ, რომ ვიღაცის რეკომენდაციით „ჯიპას“ რექტორის არჩევა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ამით მთავრდება“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.