12 მაისის სპეცოპერაცია პარლამენტში პოლიტიკური განცხადებების თემა გახდა. დეპუტატები გიორგი გახარიას მისვლას და კონკრეტულ განმარტებებს ელოდებიან. „ევროპული საქართველოს“ შეფასებით, ხელისუფლება მოძალადე ჯგუფებს იყენებს საკუთარი მიზნების შესრულებისთვის.
„ბიძინა ივანიშვილმა თავისი მეორედ მოსვლა არაფორმალურიდან ნახევრად ფორმალურ მართვაზე გადასვლა აღნიშნა ახალგაზრდებზე ძალადობით, რომელიც პოლიტიკაში მოსვლის დღიდან მოკავშირედ გაიხადა კრიმინალი და კრიმინალური ჯგუფების საშუალებით თავს ესხმოდა პოლიტიკურ ოპონენტებს 5 წლის განმავლობაში. კრიმინალურ ჯგუფებს, მოძალადე ჯგუფებს ჩვენ ვხედავდით აქციებზე, არჩევნების დროს. ეს ჯგუფები დაუპირისპირა ახალგაზრდებს,“- განაცხადა სერგო რატიანმა.
ოპოზიციის წევრების თქმით, შს მინისტრთან მწვავე შეკითხვების დასმას აპირებენ.
„ხელისუფლებამ მიმართა კვლავ ნაცად ხერხს, წლების განმავლობაში რომელ ჯგუფებსაც იყენებს, ხან პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ, ხან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების წინააღმდეგ, ან ნებისმიერი საკუთარი შავ-ბნელი მიზნებისთვის, კვლავ ეს ჯგუფი გამოიყვანა, ამ ჯგუფის ძალადობით დააშანტაჟა კანონიერი აქციის მონაწილეები და გამოვიდა ისე, რომ ფაშისტმა მოძალადეებმა გაიმარჯვეს იმ ახალგაზრდებზე, რომელიც თავიანთ ლეგიტიმურ პროტესტს გამოხატავდნენ,“- განაცხადა ოთარ კახიძემ.