საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეების შეხვედრა სასტუმრო „რედისონში.“ კონფერენციას, ბალტიის ქვეყნების და შავი ზღვის რეგიონის საკონსტიტუციო სასამართლოების წარმომადგენლები ესწრებიან. რიგით მესამე კონგრესის თავმჯდომარე ქვეყანა წელს საქართველოა. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართეს.
„კონსტიტუციის მიღების, იმ კვირაში, იმ დღეებში მოხდა ჩვენი ოკუპაცია წითელი არმიის მიერ და კიდევ 70 წელიწადი დაგვჭირდა იმისთვის, რომ მივსულიყავით ამ მნიშვნელოვან მომენტამდე, როდესაც ხელახლა შედგა ჩვენი დამოუკიდებლობა. მე ნათლად ვხედავ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდანაც ჩვენ ასევე ძალიან ნათლად განვსაზღვრეთ ჩვენი ვექტორი, როგორც ევროპული, თანამედროვე კულტურის წევრი ქვეყნის.
მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, იმიტო რომ ჩვენ ვართ ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყანა, თავისი შედეგებით, ეკონომიკური, პოლიტიკური, ჰუმანური შედგებით, მიუხედავად ამისა, ჩვენი საზოგადოება 27 წლის განმავლობაში აშენებს დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოს,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეხვედრაზე განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერი-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
„მინდა, საქართველოს ხელისუფლების სახელით, კიდევ ერთხელ დავადასტურო პატივისცემა სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის მიმართ, მივსდევთ რა საუკეთესო ევროპულ ტრადიციებს, ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკური სისტემა, მაქსიმალურად დაინტერესებულია შექმნას აბსოლუტურად ყველა პირობა, საკანონმდებლო, ადმინისტრაციული თუ მატერიალური სახის გარანტიები, იმისთვის, რომ თითოეულმა მოსამართლემ შეძლოს საკუთარი საქმიანობის თავისუფლად და შეუფერხებლად განხორციელება,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს სასამართლოს რეფორმის მომდევნო ეტაპზე მუშაობა, რომელიც სხვადასხვა თემას ეხება.