ოკუპანტ ქვეყანაში მოლაპარაკებებისთვის "პატრიოტთა ალიანსის" კიდევ ერთი წევრი, გიორგი ლომია გაემგზავრა. საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენლები რუსეთში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ. მოსკოვში პატრიოტთა ალიანსის ეს უკვე მესამე ვიზიტია, რა დროსაც დელეგაცია შეხვედრებს ისევ რუსეთის სათათბიროს წევრებთან გეგმავს. ირმა ინაშვილის თანაგუნდელები ოკუპანტ სახელმწიფოსთან საუბარს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ გეგმავენ.
"ტატუნაშვილის ინციდენტმა სერიოზულად დააზიანა ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენ 2 შეხვედრის შედეგად დავალაგეთ. წინა შეხვედრაზე კულუარულად მქონდა საუბარი ამ თემაზე, დაიწყეს გამოძიება, დაეკისრა თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობა, ვთქვათ ოსურ მხარეს. ეხლა უკვე ამ საკითხებზე ჩვენ ოფიციალურად ვისაუბრებთ და ბუნებრივია ალბათ პასუხებსაც მივიღებთ,"-აცხადებს გიორგი ლომია.