ფოთში, მალთაყვის უბანში, ყოფილი სასტუმროს შენობაში მცხოვრები დევნილები და სოციალურად დაუცველები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ.
შენობა, სადაც 20-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, ავარიულია და ნგრევის პირასაა, ოთახებში წყალი ჩადის.
ადგილობრივების ინფორმაციით, უმრავლესობას სოციალური დახმარება ისე მოუხსნეს, მიზეზიც კი არ განუმარტავთ.
ყოფილი სასტუმროს შენობა ეკონომიკის სამინსიტროს ბალანსზეა. დევნილები და სოციალურად დაუცველები შიშობენ, რომ მალე შესაძლოა, უწყებამ მათ შენობის დაცლაც მოთხოვოს.
ისინი ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ და ღამის გათენება ღია ცის ქვეშ მოუწევთ.
ყოფილი სასტუმროს შენობაში კომპაქტურად ჩასახლებულებს დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.