გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. საჯარო ბოდიშის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი 12 მაისის სპეცოპერაციის დეტალებზე დღეს საჯაროდ პირველად ისაუბრებს. რამდენიმე წუთში გიორგი გახარია კანონმდებლებს სიტყვით მიმართავს, რის შემდეგაც კანონმდებლები შეკითხვებს დასვამენ.
შს მინისტრის მისამართით დეპუტატებს ბევრი შეკითხვა აქვთ, მათ შორის რატომ შევიდა სპეცდანიშნულების რაზმი ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“, თუ ნარკორეალიზატორები უკვე დაკავებულები იყვნენ.
„მთავრი შეკითხვა, რაც გვექნება არის ზოგადი კრიმინალური ვითარება ქვეყანაში, ჩვენი საზოგადოების აზრით, ქვეყანაში კრიმინალური ვითარება არის დამძიმებული. ამაზე პასუხისმგებლობა ბატონ გახარიას უწყებას ეკისრება. შეკითხვები გვექნება იმ რეიდთან, თავდასხმასთან დაკავშირებით, რომელიც ღამის კლუბებზე განხორციელდა, ასევე ფაშისტური ჯგუფების შეუფერხებელ მუშაობაზე ჩვენს ქვეყანაში,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
კანონმდებლებს ასევე აინტერესებთ, ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტებას და სად არის ე.წ. მკვლელი ნარკოტიკი „მეფედრონი“, რომლის ამოღებაც სპეცოპერაციის მთავარ მოტივად დასახელდა?
„ჩვენ გვაქვს დანაშაულის უპრეცენდენტო ზრდა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ძალიან აწუხებს და რა ქმედით ღონისძიებებს ატარებს სამინისტრო ამ ვითარების შესაცვლელად, ადგან სისხლის სამართლის პოლიტიკის ცვლილებას ვერ ვხედავთ. პრობლემაა გამოძიებული საქმეები, ასევე პრობლემაა პოლიციელთა უფლებამოსილების გადამეტების ამ საკითხებზე რეაგირების შემთხვევები,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.
„საინტერესო იქნება, დავინახოთ არა მხოლოდ ბოლო პერიოდში აქციებთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომელიც შსს-მ ჩაატარა, თუმცა ეს საკითხით იქნება, არამედ მთლიან ჭრილში დავინახოთ ის სისტემური რეფორმები, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს, ასევე დავინახოთ განსხვავება იმ უწყებას შორის, რომელიც ხელისუფლებამ ჩაიბარა 2013 წლიდან და დღეს პოლიციის სისტემა რეფორმის სისტემაში სად ვართ,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.