დებატები შინაგან საქმეთა მინისტრთან პარლამენტში 6 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. თუმცა, ოპოზიციამ 12 მაისის სპეცოპერაციის მთავარ შეკითხვაზე პასუხი მაინც ვერ მიიღო.
შს მინისტრის, გიორგი გახარიას, თქმით, ძლიერი არგუმენტი ოპოზიციას არ წარუდგენია.
„არგუმენტები იყო სხვადასხვა, თუმცა, შინაარსობრივი, ძლიერი არგუმენტი მე ვერ მოვისმინე. ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად მყარი, მაგრამ სინამდვილეში ახლა ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. სინამდვილეში, ჩვენ ვთვლით, რომ 12 მაისის თუ შემდგომი დღეების ძირითადი მიღწევა გახლავთ ის, რომ აშკარაა, რომ პოლიციამ შესძლო, პირველ რიგში, თავისი ძირითადი ფუნქციის, მართლწესრიგის დაცვა და მან შეძლო ამის გაკეთება ისე, რომ დაიმსახურა ნდობა მოქალაქეებში,“ - განაცხადა მინისტრმა.
პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, აცხადებს, რომ მინისტრს პარლამენტში გამოსვლის დროს არ უნდოდა ძალადობის წყაროზე საუბარი, ასევე, დანაშაულის მატებაზე. რომან გოცირიძის თქმით, კლუბში შესვლის მოტივი ვერ ახსნა.
სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მინისტრის არგუმენტებით კმაყოფილია უმრავლესობა და გიორგი გახარიას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, პოლიციის გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმის მნიშვნელობაზე საუბრობს.