საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხუთდღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ლევან იზორია აშშ-ში ვიზიტს თავდაცვის დეპარტამენტში შეხვედრებით დაიწყებს, სადაც ყურადღება სამხედრო სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობასა და საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში აშშ-ის მხარდაჭერაზე გამახვილდება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი უმასპინძლებს. მოგვიანებით კი, ლევან იზორია ამავე ინსტიტუტში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრება.
ვაშინგტონში ვიზიტისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ქართველი გენერლის, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის საფლავს გვირგვინით შეამკობს და გენერლის შვილს, ბრეტ შალიკაშვილს ადგილზე გაესაუბრება.