20 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
ცილისწამება და პატივისა და ღირსების შელახვა - ანა დოლიძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივლა 

იუსტიციის საბჭოს წევრების, ანა დოლიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის დაპირისპირებამ საჯარო სივრციდან სასამართლო დარბაზში გადაინაცვლა. საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე ქუთაისის სააპელაციოს სასამართლოს თავმჯდომარეს ღირსების შელახვაში და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

საქმე ეხება გვრიტიშვილის მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს დოლიძე 2008 წელს რუსეთის სასარგებლოდ აგროვებდა ქართველი ჯარისკაცების მაკომპრომეტირებელ ინფორმაციას. ანა დოლიძე სარჩელის მოტივს განმარტავს.

„მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში მოღვაწე პირებისთვის, განსაკუთრებით, მოსამართლისთვის ნაცნობი იყოს, რომ ტყუილს აქვს მაღალი რეპუტაციული ფასი, არ შეიძლება ადამიანს დააბრალო ტყუილი იმისთვის, რომ დააზიანო საქმიანი რეპუტაცია მისი და ამისთვის არ გადაიხადო ფასი, არ გქონდეს არავითარი პასუხისმგებლობა. მე მინდა, რომ ჩვენ შემოვიღოთ ეს პრეცედენტი, მოსამართლე გვრიტიშვილმა, რომელიც მაღალი თანამდებობის პირია, მოიტყუა თებერვალში იმისთვის, რომ უბრალოდ გადაეფარა ჩემ მიერ სასამართლოს კრიტიკა,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძის ინტერესებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტებმა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე შეიტანეს. იურისტი, მიხეილ ჯახუა აცხადებს, რომ დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება ცილისწამებაა, რადგან ანა დოლიძე ჰოლანდიურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა, თუმცა ის რუსეთის ფედერაციაში სამუშაოს ფარგლებში არ გამგზავრებულა.

ანა დოლიძეს პასუხობს დიმიტრი გვრიტიშვილი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, სარჩელის გაცნობის შემდეგ გააკეთებს კომენტარს, თუმცა, ასევე, აღნიშნავს, რომ ანა დოლიძის მისამართით გაკეთებულ განცხადებას დღესაც ეთანხმება და არ ცვლის.

„იქიდან გამომდინარე, რომ მე პატივს ვცემ ჩემს სტატუსს და ასევე, იმ ჩემს კოლეგას, რომელსაც ამ საქმის, მე ვიტყოდი, შოუს ელემენტებით საკმაოდ დატვირთული საქმის განხილვა მოუწევს, ისედაც, არაკომფორტული იქნება მისთვის, დოლიძის საზოგადოების პირობებში ამ საქმის განხილვა... ჩემი პოზიცია, როგორც მოპასუხის, სასამართლოს წარედგინება მას შემდეგ, რაც ჩამბარდება სარჩელი და გავეცნობი მის არგუმენტაციას. როგორც გაჟღერდა, მოთხოვნა არის იმ ცნობების უარყოფა, იმ ცნობების მოთხოვნის უარყოფას მე არ დავეთანხმები, აქვე გიცხადებთ, კიდევ ვამბობ, თავს შევიკავებ კონკრეტული არგუმენტაციის წარმოდგენისგან,“ - განაცხადა გვრიტიშვილმა.

დღის ამბები