„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი არ იყოს სამართალდამრღვევად მიჩნეული,“ – ეს განცხადება, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ გააკეთა.
გიორგი ბურჯანაძე ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ნარკომომხმარებლის უფლებები კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს და სამედიცინო საჭიროებები საკანონმდებლო ჩარჩოთი უნდა დარეგულირდეს.
სახალხო დამცველის მოადგილის თქმით, კანონპროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს "ეროვნული პლატფორმის" მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტის ძირითადი დებულებები.
„ოდენობები, ბუნებრივად დაკავშირებულია ამ საკითხთან, გამომდინარე იქიდან, რომ წამალდამოკიდებულებას თუკი ვამბობთ, რომ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა გააკონტროლოს რამდენად მიიღოს ან არ მიიღოს გარკვეული ნივთიერება, ბუნებრივია, მას ესაჭიროება გარკვეული ნივთიერებები და აუცილებელია, იმ დღიური დოზების და ოდენობების განსაზღვრა, რომელიც ჩვეულებრივად იქნება სამართლიანი და რომლის ამოსავალი წერტილი იქნება ის, რომ ამ შემთხვევაში ადამიანი არ იქნას მიჩნეული გამსაღებლად,“ - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
სახალხო დამცველის მოადგილე 12 მაისის მოვლენებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა სპეცოპერაციის ღამესთან დაკავშირებით შსს-დან დოკუმენტაცია გამოითხოვა. მისი თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ინფორმაციის გაანალიზების პროცესი.