საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით არსებული უთანხმოების მოგვარებას ბიძინა ივანიშვილი დღეს კიდევ ერთხელ შეეცდება. „ქართული ოცნების“ ლიდერმა ამჯერად ნარკოპოლიტიკის შესახებ განსხვავებული შეხედულებების მქონე დეპუტატების ერთ პოზიციაზე ჩამოყალიბება უნდა მოახერხოს.
ვიდრე პარლამენტში ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა დაიწყება, მანამდე „ქართული ოცნება“ კონსულტაციებს სწორედ ივანიშვილთან მართავს. შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში 10 საათზე დაიწყება.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კანონმდებლობა ჰუმანური უნდა გახდეს ნარკომომხმარებლების, ხოლო მკაცრი გამსაღებლების მიმართ.
„ის რომ ჰუმანური უნდა გახდეს კანონმდებლობა მომხმარებელთან მიმართებაში ამაზე ვთანხმდებით, მოსაძებნია შუალედი, რომელიც ამ ორ სტანდარტს დაიცავს - მომხმარებელთან მიმართებაში იქნება ჰუმანური და ბუნებრივია სისხლის სამართლიდან გადავა ჯანდაცვის სფეროში საკითხი და ნარკოგამსაღებლების მიმართ ბუნებრივია ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრები,“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ნარკოდამოკიდებულთა უფლებების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს გედევან ფოფხაძეც.
„ამაზე ძალიან ცივად, ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე და რაღაც ჯგუფების თავის მოწონების გარეშე უნდა იფიქროს ყველა ჩვენთაგანმა და უნდა დავუჭიროთ მხარი ისეთ პოზიციას, რომელიც ქვეყნისთვისაც სასიკეთო იქნება და უფლებრივადაც სწორი,“-აცხადებს გედევან ფოფხაძე.