„როდესაც ხდება ასეთი კაზუსი, წარმატებული მწვრთნელების გადაყენება და მისი შემოქმედი არის პრეზიდენტი, ის უნდა გადადგეს,“- ეს განცხადება, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, შოთა ხაბარელმა გააკეთა.
ხაბარელმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტთან დაპირისპირებული სპორტსმენების მოთხოვნა გაიზიარა და დაადასტურა, რომ ისიც ემხრობა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას.
ხაბარელის შეფასებით, ქევხიშვილმა არასწორი საკადრო გადაწყვეტილებები მიიღო.
„იყვნენ წარმატებული მწვრთნელები და ისინი გადააყენეს და შემდეგ მოვიდნენ ამ სფეროში როგორც მწვრთნელები - არაკომპეტენტურები და შედეგიც დადგა ეს. ბიჭები ამას აპროტესტებენ. წარმატებული მწვრთნელების გადაყენებამ ეს შედეგი მოიტანა. აქედან გამომდინარე, მისი ბრალეულობა გამოიკვეთა. მეც ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო იმით, რომ მან გადააყენა წარმატებული მწვრთნელები და თავისი მეგობრები მოიყვანა. ეს არის ყველაზე მტკივნეული და ცუდი,“- განაცხადა შოთა ხაბარელმა.
დაპირისპირება ძიუდოს ფედერაციაში პიკს აღწევს. დღეს სპორტსმენებმა ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის სკამი კაბინეტიდან გამოიტანეს და სანაგვე ურნაში გადააგდეს, შემდეგ მისი კაბინეტის კარი აჭედეს.