„ყველა ოპონენტი უნდა დავარწმუნოთ, რომ ამ ცვლილების გამო არ მოხდება არანაირად ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობის მატება“- აცხადებს ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრისას პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი აკაკი ზოიძე.
მისი თქმით, ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით უნდა მოხდეს ჰუმანიზაცია. აკაკი ზოიძე თვლის, რომ ნარკომომხმარებელს პატიმრობა არ უნდა მიესაჯოს.
„ნარკოგასაღებასთან მიმართებაში (პოლიტიკა) გამკაცრდება, ხოლო ნარკომომხმარებლებთან მიმართებაში მოხდება ჰუმანიზაცია. რა დონეზე და რა ვადებში ეს იქნება მსჯელობის საკითხი. რეალურად, საუბარია იმაზე, რომ საბოლოო ამოცანა უნდა იყოს, რომ ადამიანები მხოლოდ მოხმარებისთვის ციხეში არ უნდა წავიდეს-ამაზე ყველა თანხმდება.
"საუბარი იქნება ვადებთან დაკავშირებით და ასევე იმაზე, თუ რა ფორმით მოხდება გარდამავალ ეტაპზე ამის გაკეთება. რაც შეეხება გარდამავალ ეტაპს, ჩვენ ყველა ოპონენტი უნდა დავარწმუნოთ, რომ ამ ცვლილების გამო არ მოხდება არანაირად ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობის მატება“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობა ამ წუთებში "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მსჯელობს. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.
როგორც ცნობილია, განხილვას შს მინისტრიც ესწრება.