20 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - ოპოზიცია იმედოვნებს, რომ სტრასბურგი ისტორიულ განაჩენს გამოიტანს

საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ - 2008 წლის ომიდან 10 წლის შემდეგ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატა, ხვალ ბოლო სხდომას გამართავს და გადაწყვეტილების გამოსატანად გავა.

სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ, 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა.

სარჩელში რუსეთის მიერ საქართევლოში ადამიანის უფლებათა დარღვევისა და ძალის გადამეტების ასობით კონკრეტული მტკიცებულებაა შესული.

სტრასბურგის სასამართლო, 2011 წლის 13 დეკემბერს საქმე დასაშვებად სცნო, 2012 წლის 3 აპრილს კი განსახილველად დიდ პალატას გადაეცა.

საპარლამენტო ოპოზიციაში იმედოვნებენ, რომ სტრასბურგის სასამართლო ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს და რეალურად იქნება შეფასებული რუსეთის აგრესია.  ევროსასამართლომ უნდა შეაფასოს რუსეთის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. საქმეში შესულია 11 აგვისტოს გორის დაბომბვა, რა დროსაც ისკანდერის გამოყენებით მშვიდობიანი მოქალაქეები და უცხოელი ჟურნალისტი დაიღუპა.

„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ისტორიის წინაშე სრულიად მართალია და ჩვენ ვართ რუსული აგრესიის მსხვერპლი. იმ ტენდენციის გათვალისწინებით, რომელიც დღეს რუსეთთან მიმართებაში არსებობს ევროპაში და არავის ეჭვი აღარ ეპარება რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაში მას შემდეგ რაც მოხდა საქართველოში, განსაკუთრებით უკრაინაში, ყირიმში...

"ამ ყველაფრის გათვალისწინებით საქართველოს წარმატების შანსი არის ძალიან მაღალი. ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს ეს არის ხელისუფლების განცხადებები, რომ ომის დაწყებაში საქართველოს ბრალეულობაც არის. იმედი მაქვს, ეს განცხადებები ვერ შეცვლის მთლიან სურათს,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, ის ფაქტი, რომ არსებული ხელისუფლება წარმოადგენს ქართულ მხარეს სტრასბურგში ოპტიმიზმის საშუალებას არ იძლევა. თინა ბოკუჩავას თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინა ივანიშვილი ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებდა იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ სტრასბურგის სასამართლო მაინც ობიექტურ დასკვნას წარმოადგენს.

„სამწუხაროდ, მე პოზიტიურად არ ვარ განწყობილი მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს წულუკიანის ხელისუფლება და ზოგადად ეს პოლიტიკური გუნდი, რომელის ერთ დროს პრემიერ-მინისტრი და ახლა მათი პარტიის პოლიტიკური ლიდერი ომის დაწყებას საქართველოს აბრალებდა, თუმცა მაინც იმედი მაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო დაადგენს სიმართლეს. იმ სიმართლეს რაც საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებულია, რომ რუსეთმა არაპროპორციული ძალა გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ“- აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა.

დღის ამბები