საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა, სადაც დეპუტატები ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობდნენ დასრულებულია.
შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა და მას ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. როგორც დეპუტატები აცხადებდნენ ბიძინა ივანიშვილის დასწრების საჭიროება იმიტომ დადგა, რომ უმრავლესობის წევრები რიგ საკითხებზე ვერ თანხმდებოდნენ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, განსხვავებული პოზიციები უფრო დაახლოვდა, თუმცა დეტალებზე შესათანხმებლად შეხვედრა კიდევ იგეგმება.
„უფრო დავაახლოვეთ პოზიციები იქიდან გამომდინარე, რომ უფრო დავაკონკრეტეთ, რომ ნარკორეალიზატორების მიმართ იქნება გაცილებით მკაცრი სანქცია, ვიდრე ეს არის დღევანდელ კანონმდებლობაში.
"დოზებზე პრაქტიკულად, დაახლოებით შევჯერდით და კვირის ბოლომდე, ალბათ, კიდევ უფრო დეტალურად იქნება ეს გავლილი. მოხმარების საკითხთან დაკავშირებით ასევე შევჯერდით, რომ ის პრინციპი, რომ მომხმარებლის მიმართ იქნება გაცილებით ჰუმანური კანონმდებლობა, ესეც პრაქტიკულად, შეთანხმებულია.
აქედან გამომდინარე, ჩვენ დაგვრჩა რამდენიმე დეტალი და მომდევნო დღეების განმავლობაში აუცილებლად შევხვდებით ამ დეტალებთან დაკავშირებით“-აცხადებს მამუკა მდინარაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი აკაკი ზოიძე კი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მომხრეა.