„ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია იყო, რომ დაეახლოვებინა პოზიციები, ის ისმენდა არგუმენტებს“- საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის შედეგებზე დეპუტატები საუბრობენ.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, შეხვედრაზე ყველა დეპუტატმა საკუთარი პოზიცია გამოხატა, რაც ჯანსაღი პროცესია, რადგან ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს კანონპროექტზეა საუბარი.
„იყო არგუმენტების ჭიდილი ვფიქრობ ასეც უნდა იყოს ასეთი, მნიშვნელოვანი რეფორმისთვის ემზადება ქვეყანა და პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული უნდა იქნას სწორად გაწერილი, სწორად დაგეგმილი და შემდეგ სწორად განხორციელებული. ვფიქრობ კიდევ ერთი შეხვედრა დაგვჭირდება“-განაცხადა ხუნდაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მხარს უჭერენ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, თუმცა აცხადებენ, რომ კანონი დაბალანსებული უნდა იყოს.
„სასურველია, გარკვეული ლიბერალიზაცია შესაძლებელია, მაგრამ არა ისე, რომ სხვა უარესი მოვლენები გამოიწვიოს,“- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” წევრი მირიან წიკლაური.
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, გიგა ბუკია თვლის, რომ გუნდში ორივე მხრიდან უნდა იყოს კონსენსუსი . ბუკია მხარს უჭერს, რომ ნარკომომხმარებელი არ გასამართლდეს სისხლის სამართლის მუხლებით, თუმცა თვლის, რომ მიღებულმა კანონმა ხელი არ უნდა შეუწყოს ნარკოტიკების მოხმარების გავრცელებას.