20 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
პოლიტიკური ბოღმა, უკულტურობა და სააკაშვილის აჩრდილის დევნა - საკრებულოს ოპოზიცია "ვარდების მოედნისთვის" სახელის გადარქმევას აპროტესტებს

თბილისის საკრებულოში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ვარდების რევოლუციის მოედნისთვის სახლის შეცვლის შესახებ მსჯელობა კამათის ფონზე დაიწყო. ოპოზიციამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

"პოლიტიკური ბოღმითა და შურისძიებით ნაკარნახევ მოქმედებას" უწოდებს ევროპული საქართველოდან საკრებულოს დეპუტატი, გოკა გაბაშვილი, ვარდების რევოლუციის მოედნისთვის სახელის შეცვლას.

მისი თქმით, როცა ახალი ხელისუფლება მოვა, ამ გადაწყვეტილებას ისევ შეცვლიან.

ამ განცხადებას უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ, "დემაგოგია" უწოდა,  გაბაშვილმა კი ზარქუას პოლიტიკური კულტურისკენ მოუწოდა.

„ევროპული კულტურა მოითხოვს, რომ ვიწრო პარტიული ტრიუკებით არ ვებრძოლოთ ერთმანეთს. არ გინდათ ამის მოსმენა, რადგან კარგად ხვდებით, რომ მართალი ვარ,“ -მიმართა გაბაშვილმა საკრებულოს უმრავლესობის წევრებს.

გოკა გაბაშვილის თქმით, "ისტორიის გადახაზვის მცდელობა წმინდა წყლის პოლიტიკური უკულტურობაა".

საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ნაციონალური მოძრაობის  დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს ებრძვის, რაც ვარდების რევოლუციასთან არის დაკავშირებული.

„მათ შორის მიშა სააკაშვილს აჩრდილსაც ებრძვით. გავიგეთ ეს. უწოდეთ, რასაც გინდათ, "ოცნების მოედანი". ხვალ როცა არ იქნებით თქვენ ხელისუფლებაში, მომდევნო ხელისუფლების მთავარი ამოცანა არ იქნება ქუჩებისთვის სახელების გადარქმევა,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი, კი ამბობს, რომ მოედნისთვის სახელის გადარქმევა დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს უკავშირდება და ამას სიმბოლიკების დევნასთან კავშირი არ აქვს.

„დამოუკიდებლობის აღდგენა, რომელიც პირველ რესპუბლიკას უკავშირდება, განუზომლად მაღალი მასშტაბის ფასეულობაა, ვიდრე "ვარდების რევოლუციაა“ - განაცხადა დავითულიანმა.

ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი დეპუტატის, ნიკა ვაჩეიშვილის, თქმით, დამოუკიდებლობის პირველ დეკლარაციას ხელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მოეწერა, რომელიც ბოლო ექვსი წელია, არ განახლებულა.

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, თამარ ტალიაშვილი, ამბობს,რომ "ვარდების რევოლუციამ ხალხს იმედი გაუცრუა".

ამ განცხადებების შემდეგ ოპოზიციამ საკრებულოს სხდომათა დარბაზი დატოვა.

საკრებულოს თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ ხვალ კომისიის სხდომაზე გადაწყდება, კონკრეტულად რა სახელს დაარქმევენ ვარდების რევოლუციის მოედანს.

„იქნება მსჯელობა, თუ რომელი სახელდება იყოს - იყოს რესპუბლიკა თუ პირველი რესპუბლიკის სახელწოდება,“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

დღის ამბები