"აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია," - ამის შესახებ სენატორებმა რონ ჯონსონმა და კრის მერფიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადეს.
შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, რონ ჯონსონმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და ევრაზიის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, კრის მერფიმ, განსაკუთრებით აღნიშნეს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში, რეფორმების გზით მიაღწია.
სენატორების შეფასებით, მისასალმებელია, რომ რუსეთის აგრესიის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის სტაბილური განვითარების გზა შეინარჩუნა.
განსაკუთრებით გაესვა ხაზი კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ პროგრესს და უსაფრთხოების გაძლიერებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებშიც საქართველოა ჩართული.
რონ ჯონსონმა და კრის მერფიმ ასევე განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნეს ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი, როგორც სამხედრო რეფორმების, ისე პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით.
სენატორებმა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ საქართველოს აშშ-ში რესპუბლიკელებისა და დემოკრატების ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.