„თანამედროვე კულტურის წინააღმდეგ მიმართული კანონი,“ - ასე აფასებს ევროპული საქართველოს წევრი, სერგო რატიანი, მმართველი გუნდის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს შეეძლება, აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, თუ ის სხვა ადამიანის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს ლახავს.
სერგო რატიანის განცხადებით, ეს ნორმა საერთოდ ამოსაღებია და მითუმეტეს, არ უნდა ამოქმედდეს.
„უნდა ვთქვათ, რომ ქართული ოცნება ყოველთვის ეყრდნობოდა არა კონსერვატულ, არამედ ექსტრემისტულ ძალებს, რელიგიურ ექსტრემიზმს, ეთნოექსტრემიზმს და ამას ჩვენ ვუყურებდით. ეს არის აგრესიული, მოძალადე ძალები, რომლებიც ყოველთვის იყვნენ მოკავშირეები ქართული ოცნების და დღეს ეს კანონპროექტი სინამდვილეში არის, არა ის, რომ არ გააღვივოს ეთნიკური, რელიგიური და ეროვნული შუღლი, არამედ პირიქით, ეს არის ის, რომ გაღვივდეს ამ ნიადაგით,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
მმართველი გუნდის ინიციატივით, "კულტურის შესახებ" საქართველოს კანონსა და "სამოქალაქო საპროცესო კოდექსში" ცვლილებები შევა, სასამართლოს შეეძლება, აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, თუ ის სხვა ადამიანის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს ლახავს.