„ნებისმიერ ევროპულ, ცივილიზებულ ქვეყანაში ეს კანონი დაიწერებოდა, როგორც პაროდია ტოტალიტარული ქვეყნის, სახელმწიფოს კანონშემოქმედებაზე,“ - ეს განცხადება თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, ნინო გოგუაძემ, არჩევანის ეთერში გააკეთა.
ნინო გოგუაძის თქმით, ხელისუფლება ხელოვნების სხვადასხვა დარგის დამორჩილებას ცდილობს.
„შემდეგი კანონი იქნება ასეთი, თუ მეცნიერული აღმოჩენა ეწინააღმდეგება რელიგიურ შეხედულებებს, ეს მეცნიერული აღმოჩენა უნდა აიკრძალოს და მეცნიერი უნდა იქნას დაპატიმრებული იმიტომ, რომ ეს ადამიანები გვაბრუნებენ საბჭოთა კავშირში თუ შუა საუკუნეებში,“ - განაცხადა გოგუაძემ.
ნინო გოგუაძის თქმით, ცენზურის დაწესება მიზანმიმართულად ხდება.
„ეს არის მეოთხე შემთხვევა, როდესაც ქართულ ოცნებას შემოაქვს კანონი, რომელიც სინამდვილეში არის ცენზურის დაწესების კანონი. პირველი იყო ის, რომ სიძულვილის ენის კრიმინალიზაცია მოინდომეს და სხვათა შორის, ძალიან ნიშანდობლივი იყო, რომ ყველა ის ჯგუფი ლობირებდა სიძულვილის ენის კრიმინალიზაციას, რომელიც იყო ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების წინააღმდეგი. მეორე იყო ჯაჭვლიანი კანონი, რელიგიური შუღლის გაღვივების შესახებ, იგივე კანონი ახლა განიხილება კვიციანის ინიციატივით და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ერთხმად მოიწონა და ეს არის ახლა ბესელიას მეოთხე მცდელობა ცენზურის დაკანონების და დიახ, უზნეობაა, როდესაც სახელმწიფო ცდილობს, შეიჭრას ადამიანის ყველა იმ სივრცეში, სადაც ადამიანის თავისუფლება გამოიხატება და ვითარდება,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
მმართველი გუნდის ინიციატივით, "კულტურის შესახებ" საქართველოს კანონსა და "სამოქალაქო საპროცესო კოდექსში" ცვლილებები შევა, რომლის თანახმად, სასამართლოს შეეძლება, აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, თუ ის სხვა ადამიანის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს ლახავს.