ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა და სასამართლო პროცესების დროს გამოვლენილი დარღვევები - მოკლული არასრულწლოვანის, დავით სარალიძის მამა ოპოზიციისგან მხარდაჭერას ელოდება.
ზაზა სარალიძემ საქმის მასალები "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენლებს გააცნო. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ამ საქმეზე საზოგადოების ერთობაა საჭირო, რადგან დამნაშავეებს ხელს აფარებენ.
„ადამიანი, რომელსაც შვილი მოუკლეს და დღეს ღიად საუბრობს გულისტკივილით და ამბობს, რომ მას უთვალთვალებენ იმიტომ რომ ვერ გატეხეს, პროკურატურამ ვერ დაიმორჩილა ეს ადამიანი. იცის სახელობითად მკვლელები საკუთარი შვილის და ამ მკვლელებს არ სჯიან, არ სჯიან მხოლოდ იმიტომ, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის შვილია ერთ-ერთი, ბატონი მირზა სუბელიანის, რადგან ამ საქმეს არ დაანება თავი, დღეს, როგორც ჩანს ხელისუფლებამ გადაწყვიტა უთვალთვალოს და აშანტაჟოს და ადამიანს დიახ სჭირდება დახმარება და გვერდში დგომა და არამხოლოდ პოლიტიკოსების, ახლა სამოქალაქო ერთობაა საჭირო,“-აცხადებს ნიკა მელია.
ედპ-ს ლიდერის ბაჩუკი ქარდავას თქმით, საქართველოს თითოეული მოქალაქის პრობლემაა, როცა დამნაშავეების დასჯის ნება სახელმწიფოს მათი გავლენიანი მფარველების გამო არ აქვს.
„ამ ტრაგედიის ფონზე არ მეგონა თუ კიდევ მწარედ მეტკინებოდა გული, რამდენად ახდენს ზეწოლას სახელმწიფო სისტემა შვილმკვდარ მამაზე, რომელიც იბრძვის სამართლიანობის მისაღწევად, ამ ადამიანს ბევრი არაფერი უნდა მას უნდა დასჯილი იყოს ის ადამიანები, ვინც არიან დამნაშავეები მისი შვილის მკვლელობაში. ეს საქართველოს თითოეული მოქალაქის პრობლემაა, როდესაც შესაძლებელია ადამიანს შვილი მოუკლან და მთელი სისტემა მას დაეჯახოს იმიტომ რომ ვიღაცას ხელს აფარებენ პროკურატურაში,“-განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.