20 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლას სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ მხარი დაუჭირა

ვარდების რევოლუციის მოედნისთვის სახელის შეცვლას და პირველი რესპუბლიკის მოედნის სახელის დარქმევას დედაქალაქის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ საგანგებო სხდომაზე ოპოზიციის გარეშე მიიღო. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე ოპოზიცია არ მივიდა.

„მათ რომ ფობიები და შიშები აქვთ და უნდათ, რომ კონკრეტულ ქუჩას, მოედანს სახელი გადაარქვან და ჰგონიათ, რომ ამით ისტორიას გადაწერენ, ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ,“- განაცხადა საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა,  ლევან ხაბეიშვილმა.

ოპოზიცია ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს.

„ვარდების რევოლუციამ ბევრი რამ შეცვალა დადებითისკენ, ძალიან ბევრი თვალსაზრისით საქართველო წინ წასწია. ასეთი ინიციატივით გამოსვლა, რომელიც საზოგადოებაში ასეთ დისკუსიასა და კონფრონტაციას იწვევს, ძალიან ცუდი რამ არის,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარემ, გიორგი გაბაშვილმა.

საკრებულოს უმრავლესობაში კი ინიციატივას საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს უკავშირებენ.

„აქ საფუძველი პოლიტიკურ სარჩულს არ აქვს, იმიტომ, რომ ჩვენ რომ ვარქმევდეთ „ქართული ოცნების“ სახელს მოედანს, ან სკვერს, კიდევ მესმის, მათ ექნებოდათ საფუძველი, რომ ასე ილაპარაკონ. აქ საუბარია იმაზე, რომ დედაქალაქის მნიშვნელოვან მოედანს დაერქვას თვისი მასშტაბურობით, მნიშვნელობით პირველი რესპუბლიკის მოედანი, უფრო მეტად სამართლიანი და ადეკვატურია,“- განაცხადა საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

საბოლოო გადაწყვეტილებას კი სავარაუდოდ, დეპუტატები უკვე კვირის ბოლოს, სხდომაზე მიიღებენ. 

დღის ამბები