20 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
რუსეთი უნდა მოვაქციოთ ისეთ არტახებში, რომ მან ვერ თქვას უარი გადაწყვეტილების აღსრულებაზე - გოცირიძე სტრასბურგის მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე საუბრობს

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - ოპოზიცია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანს მის აღსრულებას მიიჩნევს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ სტრასბურგის სასამართლო იურიდიულ შეფასებას მისცემს იმას, რაზეც საერთაშორისო პოლიტიკური კონსესუსი არსებობს.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე იმედოვნებს, რომ ევროსასამართლოში მიმდინარე საქმის განხილვა საქართველოს სასარგებლოდ დასრულდება.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დასრულდება ჩვენი გამარჯვებით. მას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, ვინაიდან, ფაქტობრივად, ის უკვე სამომავლოდ უნდა იყოს გამოყენებული რუსეთზე ზემოქმედებისთვის, როგორც პოლიტიკურად, ასევე, სამართლებრივად, ასევე, ფინანსურად. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად და ფაქტობრივად, რუსეთი უნდა მოვაქციოთ ისეთ არტახებში საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, რომ მან ვერ თქვას უარი ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ევროსასამართლოს მიერ საქართველოსთვის დადებითი გადაწყვეტილების გამოცხადების შემთხვევაში, ხელისუფლებას აღსრულებასთან დაკავშირებით დამატებით მუშაობა მოუწევს.

„ამ საქმის მოგების შემდეგ საქართველოს ეძლევა დამატებითი საერთაშორისო სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, სხვა სასამართლოებშიც აწარმოოს საქმე. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააჩერა პროცესი საერთაშორისო სასამართლოს ფარგლებში, ჩვენ იქ შეგვეძლო კონსულტაციების გაგრძელება რუსეთთან დევნილების დაბრუნების საქმეზე, მაგრამ ეს შეაჩერა,“ - განაცხადა კაპანაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები